საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით
საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით
21 იანვარი 2022

გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მატება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ზრდით, არამედ დსთ-ის ბაზარზე ექსპორტის მატებით. კერძოდ, ევროკავშირში ქართული ექსპორტი გასულ წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 717 მილიონს მიაღწია, დსთ-ში კი ის 34%-ით გაიზარდა და 2 მილიარდი დოლარი იყო. შესაბამისად, დსთ-ში ექსპორტი ევროკავშირში ექსპორტს 2.8-ჯერ აღემატებოდა.

საქართველოს საექსპორტო ქვეყნების მიხედვით, გასულ წელს პირველ ადგილზე ჩინეთი იყო, სადაც 616 მილიონის საქონელი გავიდა, მეორე ადგილს 610 მილიონით რუსეთის ფედერაცია იკავებს.

უფრო დეტალურად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ჩინეთი - 615.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%;
2. რუსეთი - 610.0 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 38.3%;
3. აზერბაიჯანი - 531.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 20.5%;
4. თურქეთი - 322.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 69.1%;
5. უკრაინა - 307.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 41.3%;
6. სომხეთი - 256.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 36.9%;
7. ბულგარეთი - 253.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 18.8%;
8. აშშ - 194.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 143.2%;
9. ყაზახეთი - 96.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 102%;
10. ესპანეთი - 89.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 6.7%.

ჩინეთის ბაზარზე საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომლებზეც მთლიანი ექსპორტის 80% (497 მილიონი დოლარი) მოდის; თავის მხრივ ეს პროდუქცია ასევე 80%-ით რეექსპორტს წარმოადგენს და ის ძირითადად საქართველოში დამზადებული საქონელის ექსპორტი არაა. შესაბამისად, ჩინეთში ექსპორტის უდიდესი ნაწილი ქართული საქონლის ექსპორტი არაა.

რუსეთის ბაზარზე საქართველოს ექსპორტი გასულ წელს განსაკუთრებულად მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა და მან 610 მილიონ დოლარს მიაღწია. შედეგად, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა აზერბაიჯანს გადაასწრო და მესამე ადგილი დაიკავა. რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტიც რუსეთში გასულ წელს 172 მილიონ დოლარამდე (59%-ით) გაიზარდა. რუსეთში ექსპორტში მეორე ადგილი ღვინოზე მოდის, რომლის ექსპორტიც 131 მილიონი დოლარი (ზრდა 10%) იყო.

საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი არის აზერბაიჯანი, სადაც გასულ წელს 532 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა. აქედან 248 მილიონი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდიოდა.

რაც შეეხება EU-ში ექსპორტს, ის მაქსიმალური ოდენობის 2019 წელს იყო და 805 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამავე წელს EU-ს წილი მთლიან ექსპორტში 21.2% იყო, 2020 წელს ის 20.8%-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს კი დამატებით 16.9%-მდე იკლო.

გასულ წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელი ევროკავშირის ბაზარზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომელიც სინამდვილეში ძირითადად რეექსპორტს წარმოადგენს. ამ საქონლის ექსპორტი EU-ს ბაზარზე 315 მილიონს შეადგენდა, რაც ევროკავშირში ექსპორტის 44%-ია, მეორე ადგილს $80 მილიონით თხილის ექსპორტი იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ACE 2017 - მესსე, მიუნხენი
25 მაისი 2017

ACE 2017 - მესსე, მიუნხენი

2017 9 -12 მაისს  ქალაქ მიუნხენში , გერმანია ჩატარდა ლოგისტიკური და სატრანსპორტო გამოფენა Air Cargo Europe (ACE 2017). ღონისძიებას  კომპანია "ალოგი" ესწრებოდა.
საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება
20 მარტი 2023

საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება

 ბოლო 1 წელიწადში გადაზიდვების გლობალური ინდექსი 6-ჯერ 9 777 დოლარიდან 1568 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.